მედიცინა იცნობს იშვიათ ნევროლოგიურ აშლილობას, რომელიც არღვევს ადამიანის მიერ აღქმის უნარს. ამ სინდრომის დროს პაციენტს ეცვლება რეალობის, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმა, ზუსტად ისე, როგორც ლუის კეროლის წიგნის პერსონაჟ ალისას.
ამ მდგომარეობას მედიცინაში „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ სინდრომი ეწოდება. მას ასევე უწოდებენ თოდის სინდრომს, ბრიტანელი ფსიქიატრის, ჯონ თოდის პატივსაცემად, რომელმაც ის პირველად აღწერა 1955 წელს.
ძირითადი სიმპტომები:
- მიკროფსია და მაკროფსია: საგნები და ადამიანები რეალურზე ბევრად პატარა (მიკროფსია) ან ბევრად დიდი (მაკროფსია) ეჩვენებათ.
- სხეულის პროპორციების დამახინჯება: ადამიანს ჰგონია, რომ მისი რომელიმე ორგანოს (მაგალითად, ხელის, ფეხის ან თავის) ზომა არაპროპორციულად გაიზარდა ან შემცირდა.
- ტელეფსია და პელეფსია: ობიექტები რეალურთან შედარებით ძალიან შორს ან ძალიან ახლოს ჩანს.
- დროის აღქმის დარღვევა: პაციენტს ეჩვენება, რომ დრო ან ძალიან ნელა მიედინება, ან პირიქით — არაბუნებრივად სწრაფად.
ეს სინდრომი დამოუკიდებელი ფსიქიკური დაავადება არ არის, ის უფრო სხვა მდგომარეობების სიმპტომს წარმოადგენს.
ყველაზე ხშირად მას იწვევს: შაკიკი (განსაკუთრებით დიდებში), ეპილეფსია, ინფექციები (განსაკუთრებით ბავშვებში, მაგალითად, ებშტეინ-ბარის ვირუსი), ფსიქოაქტიური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია.
საინტერესოა, რომ თავად წიგნის ავტორი, ლუის კეროლი, ძლიერი შაკიკით იტანჯებოდა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ალისას თავგადასავლების შექმნისას ის სწორედ საკუთარი ნევროლოგიური სიმპტომებითა და აღქმის დამახინჯებებით იყო შთაგონებული.


