იონა მეუნარგია (1852-1919), რომელიც ცნობილი პუბლიცისტი და კრიტიკოსი იყო, ხშირად აშუქებდა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

იონა მეუნარგიამ აკაკი წერეთელთან ბლიც ინტერვიუ (რომელსაც ხშირად „აკაკის ბლიც გამოკითხვასაც“ უწოდებენ) 1891 წელს ჩაიწერა.

ინტერვიუ პირველად გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა. ეს იყო იმ დროისთვის ინოვაციური ფორმატი, რომელმაც მკითხველს პოეტის პიროვნული მხარეები და გემოვნება მოკლე, ლაკონიური პასუხებით გააცნო. აკაკის პასუხები დღემდე პოპულარულია თავისი მახვილგონივრულობით, მაგალითად:
შეკითხვა: „შენ რომ აკაკი არ იყო, ვინ გინდა იყო?“
პასუხი: „მაინც აკაკი“.

იონა მეუნარგია, როგორც ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მწერლების ცხოვრებისეულ წვრილმანებს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ბიოგრაფიულ ჟანრს.

ბლიც ინტერვიუ:

​– რომელი თვისება უფრო მოგწონს კაცისა?
– მამაცური სულგრძელობა.
– რომელი თვისება მოგწონთ ქალისა?
– გულწრფელი დაუდგრომლობა.
– რას უფრო გინდა აკეთებდე?
– მისთანა საქმეს, რომელიც თავაშვებულს ჰლაგმავდეს და გულგატეხილს ამხნევებდეს.
– რითი განსხვავდება შენი ხასიათი?
– საფუძვლიანში სიმტკიცით და წვრილმანში უხასიათობით.
– რომელია ყველაზე დიდი ბედნიერება?
– გარემოების ატანა.
– რომელია ყველაზე დიდი უბედურება?
– გულუმაძღრობა.
– რა ფერი უფრო გიყვარს?
– დროზე მოხდენილი.
– რა ყვავილი?
– ვარდი.
– შენ რომ აკაკი არ იყო, ვინ გინდა იყო?
– მაინც აკაკი.
– სად უფრო გინდა ცხოვრობდე?
– ყველგან და არსად.
– რომელი მწერლის პროზა უფრო მოგწონს?
– არდაზიანის.
– რომლის პოეზია?
– გურამიშვილის.
– ვინ უფრო მოგწონს კაცთაგან ისტორიაში?
– გიორგი ბრწყინვალე.
– რომანში ვინ გირჩევნია კაცთაგან?
 – ავთანდილი.
– ქალთაგან ვინ მოგწონს რომანში?
– ნესტანდარეჯანი.
– რა სახელები უფრო გიყვარს?
– ელენე და არჩილი.
– რა უფრო გძულს ქვეყანაზე?
– წვრილმანობა.
– რა შეცდომას უფრო აპატიებ კაცს?
– ყოველგვარს, თუკი შეინანებს.
– რა სასმელს უფრო ეწყობი?
– წყალს.
– ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი ქუთაისში?
– ის, რომელიც მე შემიყვარდება.
– შენი ცხოვრების დევიზი რა არის?
– შრომა და მოთმინება.
– რომელი ადგილი უფრო მოგწონს “ვეფხისტყაოსნისა”?
– ჩვენი კრიტიკოსებისგან დაწუნებული.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე