ონიომანია - იგივე შოპინგომანია, შოპოჰოლიზმი - ფსიქოემოციური მდგომარეობაა, როდესაც ახალი ნივთების შეძენა ადამიანისთვის დასვენებად, გართობად და ცხოვრების აზრად იქცევა.

ყველაზე ხშირად იგი იმ ქალებს ემართებათ, რომლებსაც ყურადღების ნაკლებობა, მარტოობა და შინაგანი სიცარიელე ტანჯავთ.

ხშირად ონიომანია საყვარელი მამაკაცის დაკარგვით გამოწვეული დეპრესიის დროს ვლინდება. მაღაზიებში სიარულისას შოპოჰოლიკი განიცდის ადრენალინის მოზღვავებას, უჩნდება ძალაუფლების, თავისუფლებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობის ილუზია.

ონიომანიის გავრცელებული ფორმები:


სეილზომანია (Sales mania - ფასდაკლებებისადმი ავადმყოფური ლტოლვა) - ნივთების ფასდაკლებით შეძენის ავადმყოფური მოთხოვნილება.

ლეიბლომანია (label mania - ეტიკეტების მანია) - რეკლამირებული ბრენდებისადმი ავადმყოფური ლტოლვა. ისეთი ნივის შეძენა, რომელსაც არ ამშვენებს ცნობილი ფირმის მარკა, ასეთი ადამიანისთვის წარმოუდგენელია.

გაჯეტდამოკიდებულება (Gadget addiction - ხელსაწყოებზე დამოკიდებულება) - ყველა ტექნიკური სიახლის შეძენისადმი ლტოლვა. ასეთი ადამიანი ყიდულობს ყველაფერს, განურჩევლად იმისა, გამოადგება თუ არა ეს ნივთი.

ჯანქფუდდამოკიდებულება (Junk food addiction) - სწრაფი კვების რესტორნებში კვების აკვიატებული სურვილი.

ამ დარღვევებს ენათესავება შოპინგის შემდგომი დეპრესია. ეს მდგომარეობა გამოიხატება გუნება-განწყობის დაქვეითებით, გაღიზიანებადობით, აპათიით, რასაც საფუძვლად უდევს მოტივაციის დაკარგვა, სასურველი ნივთების შეძენა რომ ქმნის.

არსებობს ორი ტიპის ონიომანია - პიროვნული (პერსონალური) და ქვეცნობიერი.

პერსონალური ონიომანები ხდებიან ემოციურად გაუწონასწორებელი, ჭირვეული, ხშირად ისტერიული ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში მეტისმეტად ანებივრებდნენ.

ისინი ფულს დემონსტრაციულად ხარჯავენ, ყიდულობენ ძვირფას (და ხშირად სრულიად უსარგებლო) ნივთებს, შეუძლიათ, დაუფიქრებლად გაფლანგონ მთელი დანაზოგი.

საქმე ის არის, რომ ისინი ბავშვობიდანვე ყურადღებას არიან მიჩვეულნი, მაგრამ არ ძალუძთ, შეავსონ თავიანთი შინაგანი ცხოვრება უფრო სასარგებლო და ნათელი განცდებით;

ფულის დემონსტრაციული ხარჯვა მათთვის ყურადღების მიპყრობის ერთადერთ საშუალებად იქცევა.

ქვეცნობიერი ონიომანები კი, პირიქით, ყოფილი ,,კონკიები" არიან, რომლებსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდათ, აკლდათ მშობლიური სითბო და მატერიალური კეთილდღეობა.

ისინი უამრავ ფულს ხარჯავენ საკუთარი თუ საყვარელი ადამიანის სიამოვნებისთვის და ცდილობენ, ამ გზით აინაზღაურონ მშობლიური სიყვარულის ნამდვილი თუ მოგონილი დეფიციტი: ,,არავის ვუყვარვარ, სამაგიეროდ, მე მიყვარს ჩემი თავი!"

ქვეცნობიერად მათაც სურთ, ყურადღების ცენტრში მოექცნენ, მაგრამ, როგორც წესი, ისინი უფრო სასარგებლო ნივთებს ყიდულობენ, ვიდრე პიროვნული ონიომანები.


ქალები - უმეტესად სამოსს, კოსმეტიკას, ძვირფასეულობას, მამაკაცები - ნივთებს, რომლებიც ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევა: მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერებს, სპორტულ ტრენაჟორებს ან ავტომანქანებს.

შოპინგომანიას ნოყიერ ნიადაგს უქმნის მძლავრი სარეკლამო-მარკეტინგული მანქანა. მაგალითად, ასე: ადამიანს ჰყავს არცთუ ისე ახალი, მაგრამ კარგად გამართული და უსაფრთხო მანქანა. და ამ დროს გამოჩნდება ახალი მოდელი, უფრო თანამედროვე, უფრო დიდი ძრავით. სარეკლამო კომპანიები მას მონდომებით უწევენ რეკლამას.

აგრესიული სარეკლამო ჩანართები განუწყვეტლივ ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ ,,ნამდვილი მამაკაცი", თუ სურს, წარმატებას მიაღწიოს ქალებთან და, საერთოდ, ცხოვრებაში, სწორედ ამ (და არა სხვა) მარკის ავტომობილს უნდა მართავდეს, რომ ეს ,,ძალიან მაგარია", ,,პრესტიჟულია" და ა. შ.

ონიომანსაც უჩნდება სურვილი, გამოცვალოს მანქანა, თუმცა ბოლომდე არ ესმის ახალი მოდელის ტექნიკური უპირატესობა და თავად ამ შენაძენის აზრი.

ერთადერთი, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, არის თავდაჯერება, რომელსაც ასხივებენ სარეკლამო რგოლის გმირები - ანუ ის, რაზეც თავადაც ოცნებობდა, მაგრამ რისი მოპოვების უნარიც არ აღმოაჩნდა... მას არ ესმის, რომ იგი ყიდულობს არა თავდაჯერებას, არამედ მის სიმბოლურ სუროგატს, იმას, რაც მოხერხებულად შეაჩეჩეს მარკეტოლოგებმა და რეკლამის სპეციალისტებმა...


როგორ დავძლიოთ ფულის ხარჯვისადმი პათოლოგიური მიდრეკილება

დამოუკიდებლად ამ მანიის დაძლევა ძნელია. უმჯობესია, მიმართოთ ახლობლებს, მეგობრებს, ხოლო თუ დამოკიდებულებამ მძიმე ფორმა მიიღო - ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს.

თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი შოპინგომანია, ესაუბრეთ იმაზე, რომ გიყვართ, შეუქეთ წარმატებები. პიროვნულ შოპინგომანებს გულახდილად უთხარით მათი პრობლემის შესახებ. შეიძლება, ასეთ ადამიანს დაავალოთ გახდეს თქვენი ოჯახის ,,მთავარი ეკონომისტი", სთხოვოთ შეიმუშაოს ფულის დაზოგვის გეგმა. შესაძლოა, ასეთი პასუხისმგებლობის გააზრებამ მას საკუთარი თავის ხელში აყვანა შესაძლებინოს.


თუ შეამჩნიეთ, რომ სავაჭრო ცენტრიდან ხელცარიელი არასოდეს გამოდიხართ, თავს მოვალედ მიიჩნევთ, რაიმე შეიძინოთ, განურჩევლად საფულის სისქისა - ეს საგანგაშო ნიშანია.

- დაუყოვნებლივ შეჩერდით.
- მოერიეთ რამის ყიდვის აკვიატებულ სურვილს.
- დაუმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ ეს სურვილი თქვენზე ვერ იბატონებს.
-მოუწყვეთ საკუთარ თავს ,,კვირა შოპინგის გარეშე" და გაიხსენეთ, რომ ამქვეყნად საყიდლებზე ფასეული და საინტერესო რამეებიც არსებობს.

უწინარეს ყოვლისა კი საკუთარ თავში გარკვევა სცადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეთ, შედეგი იგივე იქნება - ეს ყველაფერი სრულიად უსარგებლო ნივთებისთვის დაიხარჯება და სულ მალე დაემსგავსებით ადამიანს, რომელიც განუწყვეტლივ სვამს, მაგრამ წყურვილს ვერ იკლავს.

​გააანალიზეთ თქვენი ძირითადი მოთხოვნილებები, განსაზღვრეთ, რომელს იკმაყოფილებთ შოპინგით. იპოვეთ მისი დაკმაყოფილების ალტერნატიული საშუალება. და, რაც მთავარია, მოინდომეთ, ბოლოს და ბოლოს გახდეთ ზრდასრული პიროვნება, რომელიც მთლიანად აკონტროლებს საკუთარ დანახარჯს. წარმატებებს გისურვებთ ამ მართლაცდა გიჟურ წინასაახალწლო რბოლაში.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე