​,,საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო”, ამ ფრაზის მიღმა, ტრაგიკული ისტორია იმალება.
 
ეს ამბავი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში განვითარდა.
 
ამ სოფლის მამაკაცებს, ურმებით თბილისში გასაყიდად ნახშირი ჩამოჰქონდათ. მათ შორის, იყო 30 წლის ზალიკო სამადალაშვილი.
 
ზალიკო თბილისში გაეცნო აკაკი წერეთელს და მისთვის, ნახშირთან ერთად, სხვა პროდუქტებიც ჩამოჰქონდა.
 
ზალიკოს ჰყავდა უმცროსი ძმა, სულიკო სამადალაშვილი, რომელსაც შეუყვარდა მისსავე სოფლელი გოგო.
 
წყვილი დაინიშნა. გვიანი შემოდგომა იყო და ქორწილისთვის ემზადებოდნენ.
 
სულიკო საქორწილო ტანსაცმლის საყიდლად ქალაქში წავიდა.
 
გავიდა ორი დღე, სულიკო არსად ჩანდა. დაიკარგა ეს ახალგაზრდა კაცი. ატყდა განგაში. მოიკითხეს ქალაქშიც, მიმდებარე სოფლებშიც, მაგრამ გზა-კვალი არსად ჩანდა.
 
რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ხალხური ნარატივის თანახმად, მანგლისის ტყეში იპოვეს ძვლები, ქამარ-ხანჯალი და სამოსის ნაფლეთები. ბალთით და სამოსით დაასკვნეს, რომ ეს სულიკოს ნეშტი იყო.
 
გაზაფხულზე ჩავიდა ისევ ზალიკო ქალაქში და მივიდა აკაკისთან. აკაკის გამხდარი მოეჩვენა და შეცბუნებულმა ჰკითხა – რა გჭირს, სად დამეკარგე, არც ვიცოდი, როგორ უნდა მეპოვე. მშვიდობა გაქვსო? არ მაქვს მშვიდობაო, უპასუხია ზალიკოს და უამბია თავისი ძმის ამბავი…
 
აკაკიზე ამ ისტორიას ძალიან უმოქმედია და მეორე ჩასვლაზე ზალიკოსთვის მისი უკვე საქვეყნოდ ცნობილი ,,სულიკოს” ლექსი დაუხვედრებია. ოღონდ ლექსი ასე იწყებოდა – ,,ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო”…
 
აკაკის უთქვამს, ჩვენ იმდენი ხნის ნაცნობობა გვაქვს, მე ვერ გავძლებ და შენს ოჯახში ამოვალ სამძიმრის სათქმელადო.
 
აკაკი წერეთელი დვალთაში ეტლით ჩავიდა. სოფელმა პატივით მიიღო მგოსანი.
 
აკაკის სულიკოს საფლავზე მისვლა უთხოვია. იქ მისულს, მომტირალი საცოლე უნახავს. ეს გაუბედურებული და განადგურებული გოგო რომ უნახავს, მერე გადაუკეთებია აკაკის თავისი ლექსი, ,,საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო”. ისე კი ლექსის პირვანდელი ვერსია, იქვე წაუკითხავს მგოსანს.
 
შემდეგ ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელმა ამ ლექსზე დაწერა სიმღერა, რომელმაც მსოფლიოში პოპულარული გახადა ის და ,,საყვარლის საფლავის” მძებნელი ადამიანის სევდიანი ამბავზე ბევრიც აღიღინა.
 
ლექსი ,,სულიკო” პირველად 1895 წლის 9 ივლისს დაიბეჭდა ჟურნალ ,,კვალში”.
 
1900 წელს კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა ,,სულიკოს” მელოდია ნოტებზე გადაიტანა ფორტეპიანოზე შესასრულებლად.
 
1905 წელს ,,სულიკო” პირველად შესრულდა ქუთაისის სახალხო თეატრში.
 
საინტერესოა, რომ 1937 წელს მოსკოვში ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები, რომელსაც სტალინი დაესწრო. ქალთა ანსამბლმა შეასრულა ,,სულიკო”, რომელიც ხალხურ სიმღერად გამოცხადდა.
მას შემდეგ ,,სულიკოს” ყველა ხალხურ სიმღერად ასაღებდა.
 
ამ აღმაშფოთებელ ფაქტს თავად ვარინკა წერეთელმა მიხედა, ხელისუფლებას მოსთხოვა საავტორო უფლებების აღდგენა და დასტურიც მიიღო. 1938 წელს ,,სულიკოს” მელოდიის ავტორად ვარინკა წერეთელი დადგინდა.
1848 წელს ვარინკა ,,სულიკოს” ჰანგების თანხლებით დაუკრძალავთ.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე