​ვასილ ბარნოვი (ბარნაველი) (1856-1934), ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

მუდამ დიდ, თეთრ წვერს ატარებდა; გარეგნობასთან ერთად გაწონასწორებულობა და სიმშვიდე, რომელიც მთელ არსებაში ჰქონდა გამჯდარი, ბიბლიურ იერს სძენდა. მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია.

უხმოდ აკეთებდა თავის საკეთებელს, არასოდეს არავის ახსენებდა რა ჰქონდა გაკეთებული და რამდენად მნიშვნელოვანი, რაღაცნაირად დუმილით სავსე დარჩა ერის ცნობიერებაში... ოღონდ ეს იყო ფიქრითა და ღვაწლით სავსე დუმილი, ურყევი, როგორც მოქალაქეობრივი პოზიცია...

ვასილ ბარნოვს ხუთი შვილი ჰყავდა, ბარნოვი (ბარნაველი) საეკლესიო გვარია და სოფელ ბარნავიდან იღებს სათავეს. ეს სოფელი, უფრო სწორად, ნასოფლარი, ახლა თურქეთის საზღვარშია მოქცეული.

XVI საუკუნიდან მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები - ბარნაველები. ვასილის მამაც მოძღვარი იყო, პაპაც. თვითონაც სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული. სემინარიაში სწავლისას რეკომენდაცია მისცეს, რუსეთში წასულიყო და სასულიერო აკადემიაში გაეგრძელებინა სწავლა.

პირველ წელს აკადემიაში ქართველობის გამო დაიწუნეს. მომდევნო წელს კი გაუმართლა. სრულიად ახალგაზრდა უკვე აკადემიკოსი იყო - ასე ეძახდნენ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულებს. მაშინვე შესთავაზეს რუსეთში დარჩენილიყო და დიდ ეპარქიას ჩასდგომოდა სათავეში, მაგრამ შორს დაიჭირა - მაშინ სამშობლოს სულ მოვწყდებიო... საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს. ვიდრე კალისტრატე ცინცაძეს პატრიარქად აკურთხებდნენ, მას შესთავაზეს, როგორც მაშინ სასულიერო აკადემიაში განათლებამიღებულს, დაბრუნებოდა სასულიერო სფეროს და ერის სულიერ მამობაზეც ეფიქრა. მოკრძალებული უარი უთხრა: - იმდენად მიყვარს, რასაც ვაკეთებ და თანაც საერო ცხოვრებაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, ასეთ პატივსა და პასუხისმგებლობას ვერ მივიღებო...

მართალია, როგორც სასულიერო მოღვაწეს, არ უმუშავია, მაგრამ რასაც აკეთებდა და როგორც აკეთებდა, მით უმეტეს, რისთვისაც აკეთებდა - ეს ყველაფერი ერთი ჰარმონიული მთლიანობა იყო როგორც სასულიერო სფეროსთან, ისე ეროვნულ მოღვაწეობასთან.

იცხოვრა, წერდა, ასწავლიდა. იყო ისტორიული რომანის ფუძემდებელი საქართველოში...

ვასილ ბარნოვს პარკინსონის დაავადება მას მერე დაემართა, რაც მისი სრულიად ახალგაზრდა მეუღლე - ნინო ბენაშვილი გარდაიცვალა. ნინო ცნობილი მოღვაწის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის - ანდრია ბენაშვილის და გახლდათ. 19 წლით უმცროსი იყო მეუღლეზე. ერთმანეთი თელავში გაიცნეს, სადაც ორივე მასწავლებლად მუშაობდა.

საბჭოთა ეპოქაში საბჭოთა მთავრობისაგან უფლებებით აღჭურვილი ადამიანები დაუკითხავად და შეუთანხმებლად უჩეხდნენ და უმოკლებდნენ მოთხრობებს. ერთხელ საოცრად აღელვებულს უთქვამს მეგობარ თედო სახოკიასათვის, - ერთმა რედაქტორმა მოთხრობა გამინახევრა და იმის ღირსადაც არ ჩამთვალა, ეკითხაო... გაჰყოლია ბატონი თედო რედაქციაში. უტეხად უყურებდა რედაქტორი შეურაცხყოფილ ავტორს, დიახაც, ვასილ ბარნოვსაც შევუსწორებთ და შევუმოკლებთო! - ამაყად მიუგებდა.

ჯიუტი დუმილითა და პრინციპულობით განაგრძობდა ცხოვრებას, ერთი რამ იცოდა: უნდა გაეძლო.

აღსანიშნავია, რომ მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1880-იან-1910-იან წლებში), თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).

ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე