Image description

ალკოჰოლის არცთუ დიდი დოზის ზემოქმედებით გამოწვეული აგზნებული მდგომარეობა დაკავშირებულია თავის ტვინის ქსოვილებში აგზნების მედიატორის - ადრენალინის გამოთავისუფლებასთან.

უფრო ძლიერი თრობისას მცირდება ისეთი მედიატორების შემცველობა, როგორებიცაა ნორადრენალინი და სეროტონინი, ამით ხსნიან ნეიროფიზიოლოგები მთვრალთა გულუხვ და კეთილ განწყობას.

ალკოჰოლის კონცენტრაციის შემდგომი მატება ხელს უწყობს სეროტონინის დაგროვებას, რაც, თავის მხრივ, დეპრესიას იწვევს.

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის (მოწამვლის) დროს საცდელი ცხოველების ტვინში აღმოჩნდა გაემ-ის (გაბა-ამინო-ერბოს მჟავა, ერთ-ერთი შემაკავებელი მედიატორია) მკვეთრად მომატებული შემცველობა. შესაძლოა ეს ფაქტი დაკავშირებულია ე.წ. დამცველობითი შეკავების განვითარებასთან - თავის ტვინის ქერქის ნერვული უჯრედების გამოთიშვა და ღრმა ძილის მდგომარეობაში გადასვლა გარკვეულ ეტაპამდე იცავს მათ ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისაგან.

თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რატომ და როგორ იწვევს ალკოჰოლი მედიატორთა ცვლაში ასეთი სახის ცვლილებებს. სავარაუდოა, რომ ალკოჰოლის მოლეკულებს შეუძლიათ ურთიერთქმედება იმ ე.წ. მაკროერგულ შენაერთებთან, რომლებიც ენერგიის წყაროა ყველა შიგაუჯრედული პროცესისათვის, მათ შორის ნეირონთა შორის ნერვულ იმპულსთა გადაცემისათვის.

​ალკოჰოლის ზემოქმედება ვლინდება არა მხოლოდ მოლეკულურ, არამედ ნერვულ უჯრედებსა და მათ სინაფსებში (მათ შორის კავშირები) მიმდინარე ბიოქიმიურ და ელექტროქიმიურ პროცესთა დონეზე.

ნეიროფიზიოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედებით ირღვევა მთელი ორგანიზმის ცხოველმყოფელობა, უპირველესად კი თავის ტვინისა.

ამ უკანასკნელს სხვა ქსოვილებზე მეტად ესაჭიროება ჟანგბადით მომარაგება. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია თავის ტვინში აქვეითებს სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას და სუნთქვის პროცესს.

გარდა ამისა, ალკოჰოლის ზემოქმედებით თავის ტვინის კაპილარები ზიანდება - ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მთვრალი ადამიანის თავის ტვინში დიდი რაოდენობით მიკროკაპილარული სისხლჩაქცევები ვითარდება და კიდევ უფრო მეტი სისხლძარღვი იცობა.

ყოველივე ამის გამო კი ნერვულ უჯრედთა კვება და ჟანგბადით გაჯერება ირღვევა. ჩვეულებრივ პირობებში ნერვული უჯრედების ჟანგბადოვანი შიმშილი ზოგადი სისუსტითა და თავის ტკივილით ვლინდება,

ადამიანს უჭირს კონცენტრირება, ძალთა მობილიზება. ალკოჰოლის მიღებიდან მეორე დღისთვის (ნაბახუსევს) დამახასიათებელი თავის ტკივილი, სისუსტე და ყველა ჩვეული სიმპტომი სწორედ ნერვულ უჯრედებში მიმდინარე ზემოთ აღწერილ პროცესთა შედეგია.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად ნივთიერებათა დაშლის გარკვეული პროდუქტების დაგროვებაც იმ ნეირონთა კვდომის გამო, რომლებმაც ვერ გაუძლეს ჟანგბადოვან შიმშილს.

ყველა ეს პროცესი განაპირობებს ნაბახუსევ მდგომარეობას. ეს უკანასკნელი კი განსხვავდება და გამოიყოფა ,,ნაბახუსევის სინდრომისაგან", რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებს ახასიათებს და სპირტიანი სასმელებისკენ დაუოკებელი ლტოლვით გამოიხატება. ამ დროს სრულიად სხვა მექანიზმები ირთვება.

თავის ტვინის ნერვული უჯრედების ასეთი უმძიმესი გამოცდა, საბოლოო ჯამში, იწვევს მათ ნაადრევ გამოფიტვას, რასაც თან ახლავს უმაღლესი ნერვული მოქმედების სხვადასხვა ტიპის დარღვევა.

მართალია, ადამიანის თავის ტვინი მილიარდობით ნეირონს შეიცავს და დროთა განმავლობაში მათი თუნდაც რამდენიმე ათასის დაზიანება არსებით (შესამჩნევ) ცვლილებებს არ გამოიწვევს, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ ნერვული უჯრედები, ორგანიზმის სხვა უჯრედებისაგან განსხვავებით, ძნელად აღდგება.

თუ ადამიანი წლობით სისტემატურად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები მის თავის ტვინში, საბოლოოდ, უმძიმეს შედეგებს განაპირობებს.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე