ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი, ფსევდონიმი - „ბოზ“ (ინგლ. „Boz“), (1812-1870) — ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი, რომლის რომანებისა და მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.
დაიბადა პორტის მცირე მოხელის ოჯახში. სიღარიბის გამო ვერ შეძლო სკოლის დამთავრება, თუმცა ბავშვობაში ინტენსიურად იყო დაკავებული თვითგანათლებით (კითხულობდა დანიელ დეფოს, ჰენრი ფილდინგის, ტობაიას სმოლეტისა და სხვების რომანებს).
მამის გაკოტრების შემდეგ მუშაობდა ლონდონის ვაქსის ქარხანაში, კანცელარიის მწერლად, პარლამენტის სტენოგრაფად, რეპორტიორად.
1833 წლიდან ფსევდონიმით „Boz“ ლონდონის ჟურნალებში აქვეყნებდა ნარკვევებსა და მოთხრობებს, რომლებიც შემდეგ შევიდა წიგნში „Sketches by Boz“ (1836).
ბევრს მოგზაურობდა (აშშ, იტალია, შვეიცარია და სხვ.), 1846 წელს დააარსა გაზეთი „Daily news“, გამოსცემდა ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალებს „სახლის საკითხავი“ („Household words“), „მთელი წლის განმავლობაში“ („All the year round“).
ჰქონდა სამსახიობო ნიჭიც, 1858 წლიდან კითხულობდა საკუთარ თხზულებებს;
1860 წელს დასახლდა ლონდონთან ახლოს მდებარე მამულში. ჩარლზ დიკენსი გარდაიცვალა 1870 წლის 9 ივნისს გულის შეტევით.
-----
ბიბლიოგრაფია:
- „ოლივერ ტვისტი“ (1839)
- „ნიკოლას ნიკლბი“ (1839)
- „საშობაო სიმღერა“ (1843)
- „დევიდ კოპერფილდი“ (1850)
- „ორი ქალაქის ამბავი“ (1859)
- „დიდი იმედები“ (1861)
-----
ჩარლზ დიკენსი ფრინველების განსაკუთრებულად მოყვარულ პიროვნებას წარმოადგენდა.
ამიტომაც ჰყავდა ხოლმე ხშირად მას სახლში ამა თუ იმ სახეობის, მათ შორის, მოშინაურების მხრივ ერთობ არასტანდარტული ფრინველების გვარის წარმომადგენლებიც.
ასე მაგალითად, ერთი პერიოდის განმავლობაში დიკენსის საყვარელ არსებას წარმოადგენდა – ყვავი, რომელსაც პატრონმა სახელად „გრიპი” შეურჩია.
ცნობილი ფაქტია, რომ თუთიყუშების მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვების სათანადოდ ათვისების უნარი ყვავებსაც გააჩნიათ.
ამ მხრივ, ჩარლზის მიერ მოშინაურებული ყვავი ძალიან გამოირჩეოდა, რადგან ამ გონიერ ფრთოსანს ლექსიკის დიდი მარაგი გააჩნდა.
მოგვიანებით მწერალმა „გრიპი” თავის ერთ-ერთ ლიტერატურულ ქმნილებაში – „ბარნები რაჯი”-შიც წარმოგვიდგინა.
ყვავი საღებავების გადაყლაპვამ იმსხვერპლა, რამაც დიდი სულიერი ტრამვა მიაყენა მწერალს.
„გრიპის” სიკვდილის შემდგომ, ინგლისელმა ლიტერატორმა ორი ფრინველი მიიყვანა სახლში. მათ შორის ერთი იყო ისევ ყვავი, ხოლო მეორე კი – არწივი.
კიდევ უფრო მოგვიანებით, დიკენსების ოჯახში ბინა დაიდო მორიგმა მოშინაურებულმა ყვავმა, ვისაც მწერალმა წინა ორი ყვავის მსგავსად, სახელად ისევ „გრიპი” შეურჩია.
ჩარლზის ვაჟიშვილის გადმოცემით, იგი იმდენად ძლიერი და თავხედი გამოხდომებით გამოირჩეოდა თურმე, რომ მისი თვით დიდი და ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე – მასტიფის სახეობის ძაღლსაც კი ეშინოდა.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, „გრიპს” დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია გენიალურ ამერიკელ ლიტერატორზე ედგარ ალან პოზე.
მას სწორედ აღნიშნული ფრთოსნის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფს დაუწერია თავისი უკვდავი ლექსი „ყორანი”.

