​იაკობ გოგებაშვილი (1840-1912) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.

1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ.

გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან.

ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში.

იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

-----
იაკობ გოგებაშვილის შეხედულება სწავლა-განათლების და ქართული ენის შესახებ:

..ისეთი ფრიად რთული და ყოვლად ძნელი საქმე როგორიც ადამიანის აღზრდა-სწავლებაა ხელიდან გამოუვა მხოლოდ მათ, ვისაც ასულდგმულებს გულწრფელი სიყვარული მოყვასთა მიმართ.

სკოლა ის ადგილია, სადაც თვალი უნდა აახილოს გონებამ, ფეხი უნდა აიდგას სულმა და გულმა, მან უნდა გაუმაგროს მოზარდს სული და ხორცი, რომ ძლიერ და მორწმულ არსებად გადააქციოს.

ჩვენს მეზობლებს რომ ჰკითხო: რა გშურთ ქართველებისაო? ისინი თქვენ დაგისახელებენ მიწა-წყალსა და მერე - ქართულ ენასა.

ქართული ენა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ერის წარსული ცხოვრება: სავსე დიდი სიხარულითა, ძლიერი მწუხარებითა და რომელიც წარმოადგენს იმგვარს ღრმა, დაუსრულებელს დრამას, რომ ასი შექსპირიც კი ვერ ამოსწურავდა მას ძირამდის.

ვაფასებთ ჩვენ ამ დაუფასებელ საუნჯესა? გვესმის მისი უმაღლესი ღირსება და მნიშვნელობა?

ქართუელი ენა ამჟამად ჰგავს მშვენიერს ფოლადის სახნისსა, რომელიც უგუნურს პატრონს კუნჭულში მუგდია და ჟანგს აჭმევინებს, მე უნდა დავიცვა დედა ენა, რადგანაც იგი არის უძვირფასესი საუნჯე ადამიანისა და მასთან შეხორცებულია ჩემი ერის აზრი, შემოქმედებითი ძალა.

მე უნდა აღვზარდო სრულყოფილი ქართველი ანუ ახალი ტიპის ქართველები: ნამდვილი, კონკრეტულისა და ცოცხალის ცოდნით, რომელნიც უნდა გახდნენ ბატონნი ჩვენის მდიდარის ბუნებისა, გადააქციონ იგი დაუშრეტელ წყაროდ გონებისა და იცხოვრონ ღირსეულად, დამოუკიდებლად და სასარგებლოდ ქვეყნისათვის."

-----
იაკობ გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა.

მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს.

1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.

გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს.

სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე