ბავშვების აღზრდა, მათთვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნა და ხელშეწყობა ძირითადად ნომერ პირველ საზრუნავს წარმოადგენს.
ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც არა მხოლოდ მშობლები, მასწავლებლები თუ სხვა ახლო გარემოცვაა ჩართული, არამედ ერთიანდება მთელი საზოგადოება.
ბავშვი ყველაზე სხარტად იღებს ინფორმაციას, მასზე მოქმედებს როგორც ახლომდებარე, ასევე გლობალური გარემოც, რასაც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ ყველაზე მეტად შეუწტყო ხელი.
რაც უფრო იზრდება ბავშვზე მოქმედ საზოგადოების წევრთა რიცხვი, მით უფრო ძნელი ხდება მისი დაცვა მავნე ზეგავლენისაგან.
საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან.
აღნიშნული კანონის მიხედვით, ოფიციალურად იკრძალება: არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა; არასრულწლოვანთა მიერ ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია; ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდულია არასრულწლოვანთათვის ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ მათ ჯანმრთელობაზე, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე.
მავნე ზეგავლენის მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, თუ ის შეიცავს სექსუალური ურთიერთობის, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს.
მიუხედავად კანონის აკრძალვისა, ძნელია ამ განკარგულებების ზუსტად შესრულება, რადგან დღესდღეობით არასრულწლოვნებს ყველაზე მეტი ინტერესი და შესაძლებლობა აქვთ ტექნოლოგიის გამოყენებით ინფორმაციის მიღების.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და აზარტულ სათამაშო ავტომატებთან არასრულწლოვანთა დაშვება; ასევე აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მუშაობა.
აკრძალულია ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვება 23-დან 8 საათამდე;
რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა მუშაობა.
კანონის – მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მოთხოვნათა დარღვევისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მედია და მაუწყებლები ვალდებულნი არიან დაიცვან ბავშვები ისეთი ინფორმაციისგან, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ ფიზიკურ, გონებრივ ან სულიერ განვითარებას (რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებითა და კომუნიკაციების კომისიის წესებით).
რეგულარუკად უნდა ტარდებოდეს საგანმანათლებლო ტრენინგები და სემინარები ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხოების, კიბერბულინგისა და მავნე კონტენტისგან დაცვის მიზნით.
მოზარდის აღზრდასთან დაკავშირებით, კანონს შეუძლია მხოლოდ დახმარება გაგვიწიოს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი სიტუაციების აკრძალვით, თუმცა ამ ყველაფრის დაცვა და კონტროლი ჩვენზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული რჩევები მშობლებისა და სკოლებისთვის:
- ღია კომუნიკაცია: სანდო და არაგმობი გარემოს შექმნა, რათა მოზარდმა თავისუფლად ისაუბროს მის წინაშე არსებულ წნეხსა თუ პრობლემებზე.
- მედიაწიგნიერება: ინტერნეტისა და სოციალური ქსელების კრიტიკულად აღქმის უნარების განვითარება.
- ჯანსაღი ცხოვრების წესი და აქტივობები: სპორტით, ხელოვნებით ან სხვა ინტერესებით დაკავება, რაც ამცირებს მავნე ჩვევებისა და ზეგავლენის რისკს.

