1924  წელს  გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის  ათი მცნება“:

1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი;

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი;

3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი;

4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს;

5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი;

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები;

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომითა და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს;

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები;

9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე;

10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

მიხეილ ჯავახიშვილი

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე