Image description

ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში. მირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა.

მირზა ძალიან ცელქი ყოფილა. თურმე მირზას დებს ყოველთვის მიჰქონდათ ამბავი დედასთან მირზას ცელქობის შესახებ. დედაც ამის გამო სულ ტუქსავდა მას. იქამდე სანამ მირზა სკოლაში წავიდოდა, წერა-კითხვა იცოდა. მისი პირველი ლექსი მან მის დას, როენას მიუძღვნა:„ქათამი რომ კრუხად ჯდება, გამოჩეკავს წიწილებს, როენას რომ გავაბრაზებ, ნეტა ვისთან მიჩივლებს?“

მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. მისი ლექსები 1935–იდან იბეჭდებოდა “ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ–გაზეთებში. მირზას პირველი ლექსი “თეთრი მიწა” რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში “ლაშაური საღამოები” (1935 წ.).

1936–39 ცხოვრობდა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა ,,ფედერაციაში”, “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები.

1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. ,,ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს”- წერდა მირზა ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში.

„მე შენი თმები დამაბრუნებენ“- ასე წერდა ომიდან მირზა თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს. თითქმის ყველა წერილში კი თავის ახლობლებს აიმედებდა:

მირზა ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას 1944 წელს მოკლეს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო.

ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია.

მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი
„მზის კაცის “ ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი 1944 წლით.

სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით მირზა გელოვანმა თავისებური ხიბლი შემატა ქართულ ლიტერატურას.

მისი რომანტიული ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. მირზა გელოვანი თავის უკანასჯნრლ მუზაზე, ნინო ახვლედიანზე, დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ჯერ ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კი ომიც დაიწყო.

ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მირზა წერდა: “მჯერა: მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე.”

მირზა გელოვანს 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

თბილისში არის მირზა გელოვანის ქუჩა. ვაჟა–ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი. პოეტის საფლავი ისევ უცხო ქვეყანაშია.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე