პატარა, ერთოთახიან სასადილოში სამი მაგიდა იდგა.
ერთი თავისუფალი, რომელსაც გამომცემლობიდან აქ მოსული მე და ოთარ ჭელიძე მივუსხედით.
მარჯვნივ, მეორე მაგიდასთან ოთხი-ხუთი ახალგაზრდა ქეიფობდა.
მარცხენა კუთხეში კი, მესამე მაგიდასთან ხაზგასმული განმარტოებით, ზურგშექცევით ზის გალაკტიონი, პორტფელი მაგიდაზე უდევს, თავი ჩაუღუნია...
ეს ზურგშექცევით ჯდომა იმას უნდა ნიშნავდეს, რომ გალაკტიონი საქმეებით არის დაკავებული, სასადილოდ არის შემოსული და სათრობად არ სცალია.
„რა ვქნათო?“ - ხმადაბლა მეკითხება ოთარი.
„სადილობა ვაცადოთ და მერე ვცადოთ-მეთქი“ - ხმადაბლავე ვეუბნები.
გალაკტიონს ვუდარაჯებთ, თან საფერავს გეახლებით.
გალაკტიონი წამოდგა, პორტფელს დასწვდა და, წასასვლელად რომ შემობრუნდა, ჩვენ შევეგებეთ:
- თუ შეიძლება, გთხოვთ, ბატონო გალაკტიონ! - სიტყვები კარგად არ მახსოვს, რაღაც ამისმაგვარი.
- ოჰ! თქვენ ხართ?! ვერ დავლევ... - მესამე სკამზე თვითონ ჩამოჯდა, მეოთხეზე პორტფელი ჩამოდგა ისე, ცოტა ხნით რომ შეყოვნდება კაცი სხვის სუფრასთან, წასვლას რომ აპირებს...
დავფაცურდით. მოვითხოვეთ სამი ბოთლი, მწვადიც შემოგვესწრო და ამას სამი ბოთლი კიდევ მოვაყოლეთ.
პირველ სადღეგრძელოზე რას ვიტყოდით?!
ვუთხარით კაი-კაი სიტყვები, გაეხსნა გული და იმანაც გვითხრა.
სუფრის მომთავრების დრომაც მოაღწია.
გალაკტიონი მე შემომაცქერდა: - წასვლის დროა, ხომ?! - მითხრა ღიმილით.
აქვე, თეატრთან ცხოვრობს გალაკტიონი...
შორი გზა არ გვქონდა სავალი, სახლამდე მივაცილე.
სადარბაზოში ბნელოდა.
გარეთ, ნათურისქვეშ შევჩერდით, გასაღები გარეთვე მოიჩხრიკა ჯიბეში.
- მნახე, ძამიკო, მნახე! - ამ სიტყვებით დამემშვიდობა.
გულდასაწყვეტი, გულსატკენია ეს სამი სიტყვა ჩემთვის:
„მნახე, ძამიკო, მნახე!“
ეს სიტყვები მისი თვითმკვლელობის შემდეგ საყვედურად ჟღერენ...
„მნახე, ძამიკო, მნახე!“
მერედა, ვნახე მე?!
ნახეთ თქვენ?!
ნახა სხვამ?!
შემეძლო მენახა მეორე დღესვე!
მენახა მესამე დღესაც!
მენახა ყოველდღე!
ის ხომ უცთომელი გუმანით სცნობდა მტერსა თუ მოყვარეს!
ვნახეთ, ბატონო, ოღონდ ოთხი თვის შემდეგ - ჯერ ტახტზე და მერე... მუხის სასახლეში მწოლიარე...
ანდა კიდევ...
ეს ჩემი ოცდაათი ლექსი!
არ ვართ ჩვენ კაი ხალხი!
არის კი რომელიმე მათგანი სიცოცხლეშივე მიძღვნილი?!