Image description

ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა) ნაწლავების გაიშვიათებული, გაძნელებული ან არასრული დაცლაა, რომელიც რამდენიმე კვირაზე მეტხანს გრძელდება და ხშირად კვირაში 3-ზე ნაკლებ დეფეკაციას გულისხმობს.


ძირითადი სიმპტომები


- მყარი, გამკვრივებული ან მცირე მოცულობის განავალი.

- ჭინთვები და დეფეკაციის გაძნელება.

- ნაწლავების არასრული დაცლის შეგრძნება.

- შებერილობა, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი.

 

ხშირი მიზეზები

 

- ცხოვრების წესი და კვება: ბოჭკოთი ღარიბი რაციონი, სითხის ნაკლებობა და ნაკლებად აქტიური ცხოვრება.

- სამედიცინო და ფუნქციური ფაქტორები: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ორსულობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), დიაბეტი, ნევროლოგიური დარღვევები ან ადგილობრივი პრობლემები (მაგ., ანალური ნაპრალი).

- მედიკამენტები: ზოგიერთი პრეპარატი, მათ შორის ანტაციდები.

 

მოქმედების ძირითადი ნაბიჯები


- კვება და სითხე: გაზარდეთ საკვები ბოჭკოს (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული) მიღება (ხშირად რეკომენდებულია დაახლოებით 20–26 გ/დღეში) და დალიეთ საკმარისი წყალი (დაახლოებით 1.5–2 ლიტრი დღეში).

- ფიზიკური აქტივობა: რეგულარული მოძრაობა ხელს უწყობს ნაწლავების პერისტალტიკას.

- მედიკამენტები და გამოკვლევა: საფაღარათო საშუალებების გამოყენებამდე მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით თუ სიმპტომებს თან ახლავს წონის კლება, სისხლდენა, ძლიერი ტკივილი ან პრობლემა დიდხანს გრძელდება.

 

 ყაბზობა ერთობ დელიკატური პრობლემაა, რომელზე საუბარს დღესაც ერიდებიან. ალბათ ამიტომ, ის უამრავი მითით არის გარემოცული. 

შეკრულობის შესახებ არსებობს უამრავი მცდარი შეხედულება, რომლებსაც მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. მოგვყავს ზოგიერთი მათგანი:

დოლიქოკოლონი

მცდარია მოსაზრება, თითქოს ნორმაზე მეტად დაგრძელებული მსხვილი ნაწლავი - დოლიქოკოლონი - შესაძლოა შეკრულობის მიზეზად იქცეს. გამოკვლევამ ქრონიკული შეკრულობის დროს გრძელი და მოკლე ნაწლავის მქონე პაციენტებს შორის განსხვავება არ დაადასტურა. ამრიგად, შეკრულობისას ქირურგიული მკურნალობა მსხვილი ნაწლავის დასამოკლებლად აუცილებელი არ არის.

სხეულის წონა და შეკრულობა

მცდარია შეხედულებაც, თითქოს შეკრულობისადმი მიდრეკილება სხეულის მასასა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე იყოს დამოკიდებული. ქრონიკული შეკრულობის მქონე ქალებს ხშირად უტარდებათ გინეკოლოგიური ოპერაციები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მენჯისმიერი ტკივილი ყოველთვის შეკრულობას არ უკავშირდება და შესაძლოა გინეკოლოგიური პათოლოგიით იყოს გამოწვეული.

ჰიპოთირეოზი

გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ჰიპოთირეოზი შეკრულობას არ იწვევს, ამიტომ სხვა სიმპტომების არარსებობისას ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა შეკრულობის დროს ნაჩვენები არ არის.

ფიზიკური დატვირთვა

ასევე მცდარია აზრი, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები შეკრულობისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი. ჰიპოდინამიურ ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია სჭირთ, მართლაც შეიძლება შეკრულობა ჩამოუყალიბდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი კომპლექსურია, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა კი, მაგალითად, მარათონული სირბილი, ნაწლავთა მოტორიკას ნამდვილად ვნებს.

მსუბუქი საფაღარათო საშუალებები

შეცდომაა ფიქრი, თითქოს ორგანიზმი მსუბუქ საფაღარათო საშუალებებს ეჩვევა. შეცდომაა ისიც, რომ ასეთი პრეპარატები წონას აქვეითებს.

დიეტა

მცენარეული ბოჭკოთი ღარიბი დიეტა არ შეიძლება ქრონიკული შეკრულობის მიზეზი იყოს. ზოგიერთ პაციენტს უჯრედისის უხვმა მიღებამ შეიძლება არგოს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უხეში უჯრედისის მიღება კლინიკას ამძიმებს.

სითხის ჭარბი მიღება

ირწმუნებიან, რომ სითხის სათანადო ოდენობით მიღება ყაბზობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საშუალებაა. სინამდვილეში თუ დეჰიდრატაცია არ აღინიშნება, სითხის ჭარბი გამოყენება შეკრულობის სამკურნალოდ არ გამოდგება. მცდარ მოსაზრებათა მიზეზი ის არის, რომ ოპტიმალურად მოფუნქციონირე ნაწლავის ცნება სხვადასხვაგვარად ესმით. ნაწლავის ოპტიმალური ფუნქციონირება, ტრადიციისამებრ, დეფეკაციის სიხშირისა და მისი გაფორმების თავისებურებათა მიხედვით ფასდება.

შენელებული (48 საათზე მეტხანს) კუჭის მოქმედება იწვევს ქრონიკულ შეკრულობას, რასაც ხშირად ხელს უწყობს საკვების შემადგენლობა, ცხოვრების წესი და ჩვევები.

ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა რაციონში გაითვალისწინოთ მცენარეული უჯრედისებით მდიდარი ბოსტნეული, ხილი, ხორბლის ფქვილის პური, კეფირი, შეეცადეთ, სვათ დღეში არანაკლებ 2 ლ სითხე, ჭამეთ რეგულარულად (დღეში 4-5-ჯერ). კვების შუალედებში მიირთვით მსუბუქად გამხსნელი თვისების ხილი: ბანანი, ქლიავი, ვაშლი, კივი (აუცილებლად ჭამიდან 1 საათის შემდეგ).

არ დაგავიწყდეთ ფიზიკური დატვირთვაც: სეირნობა ან სირბილი ძუნძულით, ცურვა და ა.შ. გამწმენდი ოყნა ან კუჭში გამხსნელი საშუალებები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენეთ.

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

1. ქრონიკული შეკრულობის დროს 1 ჩ/კ სელის თესლს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ, არ გაწუროთ, დალიეთ ძილის წინ.

2. 5 ჩ/კ ხეჭრელის ქერქს დაასხით 400 მლ წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ არ განახევრდება. გაწურეთ და დალიეთ თითო ს/კ ყოველ 3 საათში ერთხელ.

3. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ხორბლის ქატოს დაასხით 200 მლ მდუღარე. გააგრილეთ და გადაწურეთ. სვით ნაყენი დღეში 1/2 ჩ/ჭ 3-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში, ჭამის დროს.

4. 10-20 გ სინამაქის ხის ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააგრილეთ, გაწურეთ და დალიეთ 50 მლ ნაყენი ძილის წინ.

5. უმ ან მოხარშულ ჭარხალს დაამატეთ მცენარეული ზეთი და ჭამეთ დილით, უზმოზე. გარდა იმისა, რომ გაააქტიურებს კუჭის მოქმედებას, წმენდს ღვიძლსა და თირკმლებს.

6. 3-5-წლიანი ალოეს ფოთლები 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ გამოწურეთ წვენი და სვით 0,1-0,2 გ წყალში გაზავებული.

7. ძალიან სასარგებლოა ორგანული მჟავებით მდიდარი შავი ქლიავი ნებისმიერი სახით (ნაყენი, პიურე, ახალი და ჩირი).

ასევე ლეღვის ჩირი - უმჯობესია დაალბოთ და ისე ჭამოთ.

8. თერმოსში ჩაყარეთ 1/2 ს/კ მაყვლის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ 3 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე