​რაფიელ ერისთავი (1824-1901) — ქართველი პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი. არაგვის ერისთავების საგვარეულოს წარმომადგენელი.

ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა კახეთის სოფელ ქისტაურში. ქართული წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა.

7 წლის რაფიელი თელავის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და 1831 წელს თავისი ვაჟი შუამთის მონასტრის ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია.

ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1833 წელს რაფიელი მშობლებმა გორში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1836 წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც 1845 წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.

რაფიელ ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მისი ლიტერატურული ურთიერთობა ქართველოლოგ აკადემიკოს მარი ბროსესთან, ჯერ კიდევ მწერლის სიჭაბუკის წლებში, ქართული კულტურის სიყვარულით იყო შთაგონებული.

მარი ბროსესა და რაფიელ ერისთავის მიმოწერა მეტად საინტერესოა XIX საუკუნის 50-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქართველოს კულტურული ვითარების შესწავლის თვალსაზრისით.

1852 წლის „ცისკარში" (№ 7) დაიბეჭდა ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსები - „დარიგება" და „ყვავილს". რაფიელ ერისთავი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში". გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა მისი მიმოხილვები, ეთნოგრაფიულ-ისტორიული წერილები.

1896 წელს რაფიელ ერისთავმა დაასრულა თავისი შრომა სვანეთის შესახებ და "ნოვოე ობოზრენიეში" დაბეჭდა. იმავე წელს მან თავი დაანება სამსახურს და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა.

მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, რაფიელ ერისთავი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე განაგრძობდა შემოქმედებითს მუშაობას. ბოლო ხანებში იგი მუშაობდა ოპერის ("ნუგზარ") ლიბრეტოზე, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა.

რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, დიდი ზეიმით იქნა გადახდილი 1895 წლის ოქტომბერში. 1899 წლიდან რაფიელი ხშირად ავადმყოფობდა.

1901 წლის იანვარში რაფიელ ერისთავის ჯანმრთელობა გაუარესდა და 4 მარტს იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. თელავიდან პოეტის ნეშტი წაასვენეს სოფ. ქისტაურში. მიცვლებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა.

პროცესიას წინ მიუძღვოდნენ ძაძებით მორთული ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი ყოფილა ღვიით, დაფნით და სუროთი. გზის გაყოლებით მარჯვნივ და მარცხნივ შუამთაში, იყალთოში, ალავერდში გამუდმებით რეკავდნენ ზარები. ქისტაურში პოეტის ნეშტი დაიტირა მისმა საყვარელმა მდაბიო ხალხმა და მოწიწებით მიაბარა მშობლიურ მიწას.

1911 წელს აკაკი წერეთელმა ინახულა რაფიელის საფლავი ქისტაურში და პანაშვიდი გადაუხადა.

1938 წელს რაფიელ ერისთავის ნეშტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადაასვენეს.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე