ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში, ვანის რაიონში დაიბადა. საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944).

1949 წლის ერთ მშვენიერ დღეს, „სახელგამში”, იგივე –„სახელმწიფო გამომცემლობაში" გალაკტიონი გენიალურ ქართველ ენათმეცნიერსა და რუსთველოლოგს – აკაკი შანიძეს შეხვდა.

გალაკტიონმა და აკაკიმ გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი, და ის იყო უნდა გამომშვიდობებოდნენ ერთმანეთს, რომ დიდმა პოეტმა დიდ მეცნიერს VIII კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელო უჩვენა და შესჩივლა:

– აი, ლიტერატურის სახელმძღვანელო VIII კლასისათვის. სხვადასხვა პოეტების ათ-ათი ლექსია შიგ და ჩემი კი მხოლოდ ერთი.
- ეგ სრულებით არაფერს ნიშნავს. ერთხელ ერეკლე მეფე გლეხის ოჯახში მოხვდა. ამ გლეხს ათი ვაჟი ჰყავდა.

​ერეკლემ მსაპინძელს უთხრა, რა ბედნიერი ხარ, რომ ათი შვილი გყავსო. მასპინძელმა კი თავის მხრივ, ამოოხვრით უპასუხა: – ეჰ, დიდო ბატონო, ნეტავი ერთი შვილი მყავდეს და თქვენისთანაო… – ამ სიტყვების თანხლებით გაამხნევა დასევდიანებული გალაკტიონი სახელოვანმა ქართველმა მეცნიერმა.
-----
გალაკტიონი ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ხშირად ბავშვებთან თამაშით ერთობოდა. იგი ამ დროს მოწინააღმდეგეს ფიგურას მოპარავდა და ისე აგრძელებდა თამაშს... თუ ბავშვი მოპარულ ფიგურას შეამჩნევდა, გალაკტიონს უხაროდა, ხელს გადაუსვამდა და შეაქებდა ხოლმე.
-----
გალაკტიონმა თავისი ერთ-ერთი შედევრი ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას" ისე დაწერა, რომ ნიკორწმინდა ერთხელაც არ ჰქონდა საკუთარი თვალით ნანახი. მისი მშვენების შესახებ გალაკტიონს მხოლოდ სხვისი მონათხრობით იცოდა
-----
გალაკტიონი ამბობდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მას გოგლა ლეონიძე გამორჩეულად უყვარდა ,,ცისფერყანწელებიდან" იყო ის, რომ მას ჩემზე არასდროს უთქვამს ლოთიაო.
-----
გალაკტიონი წერის გარდა, ხატავდა კიდეც... ალბათ ცოტა თქვენგანისთვისაა ცნობილი, რომ მას 1200-ზე მეტი ნახატი ჰქონდა და უყვარდა თავის ნაცნობების კარიკატურების დახატვა.
-----
ისეთ დიდ პოეტს, როგორიც გალაკტიონი იყო არასდროს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი... იგი ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან კი სხვას იყო შეფარებული... არაერთხელ სთხოვეს ცისფერყანწელებმა თავიანთ ორდენში გაწევრიანება, რაც მისთვის მცირეოდენი შემოსავლის წყარო იქნებოდა, თუმცა გალაკტიონი მუდამ უარს ამბობდა, რაც მისი მარტოობის სურვილით იყო.
-----
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე