ყველა ადამიანს განსხვავებული სახის კანი აქვს. კანის მდგომარეობა და ფერი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

მას კვალს აჩნევს პროფესია, კვება, მავნე ჩვევები, ძილის რეჟიმი, სტრესი, გარე სამყაროს ზემოქმედება და მემკვიდრეობითი ფაქტორები, ასევე - მწვავე და ქრონიკული დაავადებები.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სახის კანის მდგომარეობასა და, საზოგადოდ, გარეგნობაზე, აისახება საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებში მიმდინარე არასასურველი ძვრები.

შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მაუწყებელი განგაშის ზარი ხშირად მათ გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე რეკავს, სნეულება პირველი სიმპტომების გაჩენამდე სხეულის საფარველზე აისახება, ამიტომ კანზე როგორც ორგანიზმის სარკეზე დაკვირვებით შესაძლებელია დროულად მივაგნოთ პრობლემას, გამოვავლინოთ ესა თუ ის პათოლოგია და, რაც მთავარია,  გავატაროთ სათანადო ღონისძიებები.

თანამედროვე მედიცინაში სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა მხოლოდ ოთხ ფერს - წითელს, ყვითელს, ლურჯსა და თეთრს - ენიჭება.

-  წითელი - ორგანიზმის გადახურებაზე, ცხელებით მიმდინარე ინფექციურ პათოლოგიებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, ნახშირჟანგით ინტოქსიკაციაზე;
-  თეთრი (სიფითრე) - ანემიაზე (სისხლნაკლებობაზე), ფილტვების პათოლოგიაზე, ინფარქტზე ან ინსულტზე;
-  ყვითელი - ღვიძლის, ელენთის, კუჭის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) პათოლოგიებზე;
-  ლურჯი - ფილტვის დაავადებებზე, ჟანგბადოვან შიმშილზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ფერებიც, მაგალითად, მუქი სახის კანი თირკმლის პათოლოგიის, შარდის ბუშტის ინფექციის დამადასტურებელია, მორუხო-მიწისფერი ხშირ ყაბზობასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემებზე მიუთითებს, მწვანე ყველაზე საშიში ფერია - ამ დროს ექიმები ნაღველკენჭოვანი დაავადების სხვადასხვა გართულებას, ღვიძლის ციროზს ან კიბოს ეჭვობენ.

მეტად მნიშვნელოვანია სახის ცალკეული ფრაგმენტების გულისყურით დათვალიერება და ანალიზი. მათი შეფერილობა ამა თუ იმ დაავადების უფრო ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

თვალები

მუქი რკალები თვალების ქვეშ ნერვულ აშლილობაზე მეტყველებს, მოლურჯო რკალები კი გულის მუშაობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე, ასევე - სასქესო ორგანოთა მუშაობის პრობლემებზე მიანიშნებს.

ცხვირი

წითელი ცხვირი გულის მუშაობის დარღვევასა და მომატებულ არტერიულ წნევაზე მიუთითებს;
მოლურჯო-მოწითალო ცხვირი - არტერიული წნევის დაქვეითებაზე;
თეთრი ლაქები ცხვირზე - ფილტვის დაავადებებზე.

სახის ფერის გასაუმჯობესებლად

-  აიღეთ ხორბლის მარცვლები, გააღვივეთ, 4 სადილის კოვზს დაასხით 200 გრამი მზესუმზირას ზეთი. ჭურჭელს თავზე დაახურეთ და 30 დღე ასე გააჩერეთ. ეს ხანი რომ გავა, სითხე გადაასხით, მიღებული ფაფისებრი მასით კი სისტემატურად გაიწმინდეთ სახე.
-  აიღეთ 2 სადილის კოვზი ატმის წვენი და ამდენივე შვრიის ფქვილი, დაუმატეთ 3-4 წვეთი ყურძნის ზეთი, აურიეთ, წაისვით სახეზე და 15-20 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
-  ​გახსოვდეთ: კანი, მით უფრო - სახისა, ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა სარკეა, ამიტომ თუ მას არაჯანსაღი ფერი აქვს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, ეძებეთ მიზეზი. რაც მთავარია, მოუარეთ სახის კანს, იკვებეთ სწორად და რაციონალურად, იკეთეთ გამაჯანსაღებელი და მკვებავი ნიღბები. მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე