სპეციალური ციხეები ცხოველებისთვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში არსებობს და ისინი ძირითადად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ან ცხოველთა რეაბილიტაციისთვისაა შექმნილი.
კანადის ქალაქ ჩერჩილში, რომელსაც ,,თეთრი დათვების მსოფლიო დედაქალაქს" უწოდებენ, ფუნქციონირებს თეთრი დათვების დაკავების იზოლატორი. აქ ათავსებენ იმ დათვებს, რომლებიც ქალაქში შედიან და მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. ციხეში 28 საკანია. დათვებს 2-დან 30 დღემდე აკავებენ. ,,სასჯელის" მოხდის შემდეგ დათვები ვერტმფრენით გადაჰყავთ და შორს, ყინულებზე უშვებენ.
ინდოეთში, პენჯაბის შტატის ქალაქ პატიალაში, არსებობს სპეციალური ციხე "ხულიგანი" მაიმუნებისთვის. აქ ხვდებიან ის მაიმუნები, რომლებიც სისტემატურად ესხმიან თავს ადამიანებს, პარავენ ნივთებს ან საკვებს. ცხოველები გისოსებს მიღმა არიან გამოკეტილნი. ზოგიერთ მათგანს, განსაკუთრებით აგრესიულებს, სამუდამო პატიმრობაც კი აქვთ მისჯილი.
ეგვიპტეში დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ვირები კანონის დარღვევისთვის ,,დააპატიმრეს". მაგალითად, ვირი დააკავეს იმის გამო, რომ მან სახელმწიფო მეურნეობის კუთვნილი ნათესები შეჭამა. სასჯელი: მფლობელს დაეკისრა ჯარიმა, ხოლო ვირი გარკვეული პერიოდით სპეციალურ სათავსოში იყო გამოკეტილი.


