როცა სიცივეს ვგრძნობთ, კანში სისხლძარღვები ვიწროვდება, ამიტომ იქ ნაკლები სისხლი გადადის. ნაკლები სისხლი კი ნიშნავს ნაკლებ სითბოს და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ხელებსა და ფეხებში.
ეს ნორმალური პროცესია და აჩვენებს, რომ ჩვენი სხეული თავის საქმეს აკეთებს შესაბამისი შიდა ტემპერატურის შესანარჩუნებლად და ორგანოების დასაცავად. ჩვეულებრივ, ეს შეგრძნება მხოლოდ დროებითია, თუმცა, თუ ვინმეს ყოველთვის ცივი ხელები და ფეხები აქვს, მაშინაც კი, როცა მისი სხეული საკმაოდ თბილია, ეს შეიძლება რაღაც სხვა მიზეზზე მიგვანიშნებდეს.
ნებისმიერი რამ, რაც სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენი კიდურების ტემპერატურაზე.
ეს შეიძლება ხდებოდეს ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა რეინოს ფენომენი, რომლის დროსაც კიდურებში მიმავალი ზოგიერთი სისხლძარღვი დროებით ვიწროვდება. რეინოს მქონე ადამიანებს, როგორც წესი, აღენიშნებათ ძალიან ფერმკრთალი და ცივი ხელის ან ფეხის თითები. ზოგიერთ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ ავლენენ ადამიანები რეინოს სიმპტომებს. ეს სიმპტომები შეიძლება მოდიოდეს უფრო სერიოზული მიზეზებიდან, როგორებიცაა: იმუნური დეფიციტი ან მაღალი წნევა.
თუმცა სხვა ფაქტორებიც შეიძლება, იდგეს უჩვეულოდ ცივი კიდურების უკან. ყველაფერმა, რაც ბლოკავს სისხლს სისხლძარღვებში, შეიძლება, გამოიწვიოს კიდურების გაციება. მაგალითად, უკონტროლო შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს აქვთ სისხლძარღვებში ცხიმოვანი დეპოზიტების წარმოქმნის უფრო მაღალი შანსი, რაც მათ ვიწრო და გამაგრებულს ხდის და აფერხებს სისხლის ნაკადს.
ტრავმამ ან ქსოვილის დაზიანებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის შეფერხება კონკრეტულ მიდამოში. თუ ვინმეს ხელის ან მკლავის ოპერაცია ჩაუტარდა ან წარსულში ტრავმა ჰქონდა — ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს მისი კიდურების ტემპერატურაზე.
კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის ანემია, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ჟანგბადით მდიდარი სისხლის ტრანსპორტირება სხეულში და გამოიწვიოს ცივი ხელები და ფეხები.
და ბოლოს, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება, მოწევა იყოს, რადგან ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და ამცირებს სისხლის ნაკადს.