Image description

მავნებლობის კუთხით თამბაქოს პროდუქცია 100 პროცენტით მავნებელია და მას არ გააჩნია თუნდაც სარგებლიანობის 1 პროცენტი მაინც:

​

  1. თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს. თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები 5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%.
  2. ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე.
  3. ნიკოტინი არის ისეთივე ნივთიერება, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი.
  4. ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. ერთი წვეთი ნიკოტინი კლავს საშუალო წონის ადამიანს.
  5. ერთი ღერი სიგარეტი მამაკაცებში სიცოცხლეს ამცირებს დაახლოებით 17 წუთით, ქალებში — დაახლოებით  22 წუთით.
  6. ნიკოტინი ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში.
  7. ნიკოტინი მცირე დოზით აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სუნთქვის ცენტრს. აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ავიწროვებს გუგას, იწვევს მაჯისცემისა და არტერიული წნევის მომატებას.
  8. თამბაქოს კვამლი შეიცავს შვიდი ათასზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან სულ მცირე 250 საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სულ მცირე 69 ნივთიერება იწვევს კიბოს. უფრო მეტიც, მათგან 11 ყველაზე საშიშ კანცეროგენების ჯგუფს მიეკუთვნება.
  9. .თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობას (გარდა ნიკოტინური ალკალოიდებისა) კუპრი ეწოდება. ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8-35 მგრ-მდე კუპრს.
  10. თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1 ლიტრი კუპრი.
  11. თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი. ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას. გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინს და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს.
  12. თამბაქოს კვამლი (კუპრი) შეიცავს 4 000-ზე მეტ ნივთიერებას. 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეს.
  13. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (,,ჯანმო”) ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვაში, მუხლი ,,ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები” შეტანილია ნოზოლოგია – ,,თამბაქოს მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები”.
  14. სიგარეტის მოწევისას ორგანიზმისათვის ნიკოტინის საშიში კონცენტრაციაა 0,5 მგრ/მ. ნიკოტინის ეს კონცენტრაცია შეიძლება დაგროვდეს საშუალო მოცულობის ოთახში 8 ღერი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში.
  15. თამბაქოს მოხმარება, მასში არსებული ალკალოიდის – ნიკოტინისა და მისგან წარმოებულების – ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოს ნაწარმზე. დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება, ნიკოტინური დოზის მიმართ ვითარდება ტოლერანტობა, ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში - ,,ნიკოტინური შიმშილი”, რაც აბსტინენციური მოვლენების განვითარებას იწვევს.
  16. თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი (რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში). თამბაქოს კვამლი შეიცავს ამონიუმს (გამოიყენება ტუალეტის ნიჟარის საწმენდად) და დარიშხანს (თაგვების საწამლავი).
  17. პირველი ნაფაზის დარტყმიდან რამდენიმე წამში ფილტვებში კანცეროგენული ნივთიერებები ხვდებიან, ხოლო პირველი სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ხშირდება გულისცემა, იზრდება სისხლის წნევა, ვითარდება ყელისა და თვალების გაღიზიანება, სისხლში ნახშირმჟავა გაზი შეიწოვება. რაც დამღუპველი ,,საჩუქარია” მწეველის ორგანიზმისათვის;
  18. თამბაქოს მოხმარების მოკლევადიანი უარყოფითი შედეგები ვლინდება სიგარეტის მოწევისთანავე: გულის ცემის გახშირება, არტერიული წნევის ზრდა, ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ნახშირჟანგის სისხლში შეღწევა, ფილტვებში კანცეროგენების მოხვედრა, ჰაერის მოწამვლა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
  19. თამბაქო ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას, რის გამოც ადამიანი თავის ასაკთან შედარებით ხნიერად გამოიყურება. მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ხელს უწყობს იმ ცილების დაშლას, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიურობას, აქვეითებს A ვიტამინის დონეს და არღვევს სისხლის მიმოქცევას.
  20. მოწევა ზრდის ფსორიაზის, კანის არაინფექციური ანთებითი დაავადების განვითარების რისკს, რომელსაც ახასიათებს ქავილი და წითელი ლაქები მთელ სხეულზე.
  21. ყოველწლიურად 1 მილიონ ადამიანზე მეტი კვდება პასიური მწეველობის გამო.
  22. არამწეველ ადამიანებს, რომლების პასიური მოწევის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, აქვთ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი.
  23. ელექტრონული სიგარეტი ახდენს ნიკოტინითა და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებებით ზეგავლენას გარშემომყოფ ადამიანებზე.
  24. პასიური მოწევისას თამბაქოს კვამლს შეუძლია გაზარდოს ტუბერკულოზის გამწვავებისა და მის აქტიურ ფაზაში გადასვლის რისკი.
  25. ტიპი ორი დიაბეტი ასოცირდება პასიურ მწეველობასთან.
  26. მწეველთა ბავშვებს ხშირად აქვთ შემცირებული ფილტვის ფუნქცია, რის შედეგადაც ზრდასრულ ასაკში უყალიბდებათ ქრონიკული რესპირაციული დაავადებები.
  27. ელექტრონული სიგარეტის სითხე სერიოზულ რისკს წარმოადგენს ბავშვის ჯანმრთელობისათვის.
  28.  პასიურ მწეველ სკოლის ასაკის ბავშვებში აგრეთვე მაღალია ასთმის განვითრების რისკი, რაც გამოწვეულია სასუნთქი გზების ანთებით.
  29. ოჯახურ პირობებში პასიურ მწეველ 2 წლამდე ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს შუა ყურის ანთება, რასაც შეიძლება მოჰყვეს სმენის დაქვეითება და სიყრუე.
  30. თქვენ არ გსურთ იყოთ ცუდი მაგალითი შვილებისთვის, მეგობრებისთვისა და ახლობლებისთვის.
  31. თამბაქოზე უარის თქმა გაგხდით უფრო პროდუქტიულს და შრომისუნარიანს - აღარ გექნებათ საჭიროება მოწყდეთ საქმეს მოწევის გამო.
  32. თამბაქოს მოხმარებისაგან გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე ერთიანად აღებული შიდსის, ავტოკატასტროფების, მკვლელობების, თვითმკვლელობების, ინფექციური დაავადებების, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად.
  33. მოწევა უარყოფითად მოქმედებს ფერტილობაზე.
  34. მწეველებში უფრო ხშირია უნაყოფობა. თამბაქოზე უარი ნიშნავს თავიდან ავიცილოთ დაფეხმძიმების პრობლემების, ნაადრევი მშობიარობის, დაბალი წონის ნაყოფის და თვითნებური აბორტის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი.
  35.  მოწევა იწვევს ერექციულ დისფუნქციას, ზღუდავს სისხლის მიწოდებას სასქესო ორგანოსთან, რაც ხელს უშლის ერექციას. ერექციული დისფუნქცია უფრო ხშირად ვლინდება მწეველებში. ეს პრობლემა დიდი ალბათობით არ მოიხსნება, იქნება მუდმივი, თუკი მამაკაცი უარს არ იტყვის თამბაქოზე ახალგაზრდობაში. 
  36. თამბაქო უარყოფით გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების ხარისხზე, მათ მობილობასა და ფორმაზე.
  37. საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის მწეველებში იმპოტენციის განვითთარების რისკი 72%-ით მეტია, ვიდრე არამწეველებში.
  38. ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო.
  39. თამბაქო კლავს მისი მომხმარებლის ნახევარს. თამბაქოს ნებისმიერი სახეობის მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებასა და მძიმე დაავადებებს.
  40. ჩილიმის მოწევა ისეთივე მავნებელია, როგორც ნებისმიერი სხვა თამბაქოსი.
  41. საღეჭმა თამბაქომ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს კიბო, კბილების დაკარგვა, ემალის გამუქება, ღრძილებზე თეთრი ლაქების გაჩენა და პაროდონტიტი.
  42. უკვამლო თამბაქო იწვევს ნიკოტინის უფრო სწრაფ შეწოვას და, შესაბამისად, დამოკიდებულების უფრო სწრაფ განვითარებას.
  43. თამბაქოს ყიდვით თქვენ ფინანსურად ეხმარებით ინდუსტრიას, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ფერმერებსა და ბავშვებს და ხელს უწყობს ავადობის და სიკვდილიანობის ზრდას
  44. თამბაქოს მოყვანით დაკავებულ ფერმერებს ხშირად ემართებათ ნიკოტინის კანში შეწოვით, სასუქითა და თამბაქოს მტვრით გამოწვეული დაავადებები.
  45. ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოყვანით ბავშვები არიან დაკავებულნი, რაც არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ უზღუდავს მათ სასკოლო განათლების საშუალებას.
  46. თამბაქოს მოხმარება აღრმავებს სიღარიბის არსებულ პრობლემას, რადგან თამბაქოს მომხმარებლები არიან ონკოლოგიურ დაავადებათა, მასთან დაკავშრებული ნაადრევი სიკვდილიანობის, გულის შეტევის, რესპირატორული და სხვა დაავადებათა ბევრად მაღალი რისკის ქვეშ, რაც ართმევს ოჯახებს ესოდენ მნიშვნელოვან შემოსავალს და იწვევს დამატებით ხარჯებს სამედიცინო დახმარებისთვის.
  47. თამბაქოს სექტორში მომუშავე ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ზოგადად ძალიან მცირე შემოსავალი აქვს, მაშინ როცა, თამბაქოს მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს აქვთ ძალიან დიდი მოგება.
  48. სიგარეტის კვამლი არის ბენზოლის წყარო, რომელიც იწვევს მწვავე მიელოლეიკემიას.
  49. გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელი ისეთი ტოქსიკური გამონაბოლქვის უშუალო ზემოქმედების ქვეშ ექცევა, რომელთაგანაც მრავალი იწვევს კიბოს. 
  50. გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი თავისი არსით თამბაქოს ნაწარმია, ამიტომ მასზე გადასვლა, არ ნიშნავს თამბაქოზე უარის თქმას.
  51. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი ჩვეულებრივ სიგარეტზე ნაკლებად მავნეა.
  52. ელექტრონული სიგარეტი ვნებს ჯანმრთელობას და არ არის უსაფრთხო
  53. იმ ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, როგორც მინიმუმ ორჯერ იზრდება ზრდასრულ ასაკში თამბაქოს მოხმარების ალბათობა.
  54. ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.
  55. ელექტრონულ სიგარეტში არსებული ნიკოტინი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და ვნებს ბავშვის ტვინის განვითარებას.
  56. თამბაქოს მიზეზით მსოფლიოში ყოველ 10 წამში ერთი მწეველი იღუპება.
  57. თამბაქოს მოხმარება კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 25%-ის მიზეზია მთელს მსოფლიოში.
  58. მწეველ ბავშვებს აქვთ ცხოვრების განმავლობაში ფილტვის კიბოთი დაავადების 22-ჯერ მეტი რისკი არამწეველ ბავშვებთან შედარებით. მოწევა ფილტვის კიბოს ძირითადი მიზეზია და მას უკავშირდება ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ორ მესამედზე მეტი.
  59. ყოველ მეხუთე მწეველს უვითარდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიცოცხლის განმავლობაში. განსაკურებით კი მათ, ვინც მოწევას იწყებს ბავშვობაში და მოზარდობაში, რადგან თამბაქოს გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად აფერხებს ფილტვების განვითარებას.
  60. მოწევა ამწვავებს ასთმას ზრდასრულებში, ზღუდავს მათ ფიზიკურ აქტივობას, ხელს უწყობს ინვალიდობის განვითარებას და ზრდის ასთმის მძიმე შეტევების რისკს, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
  61. თამბაქოს მოხმარება 2-ჯერ ზრდის ტუბერკულოზის ფარული ფორმიდან აქტიურ ფორმაში გადასვლის რისკს და ამძიმებს დაავადების ბუნებრივ სვლას. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 25% აქვს ტუბერკულოზის ფარული ფორმა.
  62. თამბაქოს მოხმარება იწვევს კარდიოვასკულარულ დაავადებებს: კორონარული არტერიების დაზიანებას, სტენოკარდიას, მიოკარდის ინფარქტს, პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანებას, აორტის ანევრიზმას, ინსულტს, ათეროსკლეროზს, არტერიული ჰიპერტენზიას.
  63. დღეში თუნდაც რამოდენიმე ღერი სიგარეტის მოწევა საგრძნობლად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
  64. მწეველები ინსულტის 2-ჯერ უფრო მაღალი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 4-ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  65. თამბაქოს გამონაბოლქვი აზიანებს გულის არტერიებს, წარმოქმნის ნადებს და ხელს უწყობს თრომბის განვითარებას, რითიც ზღუდავს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას და საბოლოო ჯამში იწვევს გულის შეტევას და ინსულტს.
  66. ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 90% თამბაქოს მომხმარებელია.
  67. თამბაქო იწვევს სიმსივნის 20-ზე მეტ სახეობას.
  68. თამბაქოსა და უკვამლო თამბაქოს ნაწარმის გამოყენება იწვევს პირის ღრუს, ტუჩების,  ხორხისა და საყლაპავის კიბოს.
  69. თამბაქოს მომხმარებელში სიმსივნის წარმოქმნის რისკი 10-ჯერ მეტია, ვიდრე არამწეველში.
  70. მწეველები არიან მწვავე მიელოიდური ლეიკემიის, ცხვირის და პარანაზალური სინუსური ღრუების, მსხვილი ნაწლავის, თირკმლის, ღვიძლის, პანკრეასის, კუჭის ან საკვერცხის და ქვედა საშარდე გზების კიბოს (შარდის ბუშტის, შარდსაწვეთის და თირკმლის მენჯის ჩათვლით) განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
  71. ზოგიერთმა კვლევამ ასევე თვალსაჩინო გახადა კავშირი მოწევასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის, განსაკუთრებით მძიმე მწეველებსა და იმ ქალებს შორის, რომლებიც მოწევას პირველ ფეხმძიმობამდე იწყებენ .
  72. ასევე ცნობილია, რომ მოწევა ზრდის საშვილოსნოს ყელი კიბოს რისკს, ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) ინფიცირებულ ქალებში.
  73. მწეველები უფრო ხშირად კარგავენ მხედველობასა და სმენას
  74. მოწევა იწვევს თვალის მრავალ დაავადებას, რომელმაც მკურნალობის გარეშე, შეიძლება მხედველობის სრულ დაკარგვამდე მიიყვანოს ადამიანი. 
  75. მწეველებს არამწეველებთან შედარებით უფრო მაღალი ალბათობით ემართებათ მაკულოდისტროფია, რომელიც იწვევს გარდაუვალ სიბრმავეს.
  76. მწეველებს ასევე აქვთ კატარაქტის (თვალის ბროლის შემღვრევა) განვითარების უფრო მაღალი რისკი, რის დროსაც, თვალი ბლოკავს სინათლის გატარებას. კატარქტა იწვევს მხედველობის გაუარესებას, ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა რჩება მხედველობის აღდგენის ერთადერთ საშუალებად.
  77. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მოწევა ასევე იწვევს გლაუკომას - მდგომარეობა, რომლის დროსაც მატულობს თვალის შიდა წნევას და ქვეითდება მხედველობა.
  78. ზრდასრული მწეველები უფრო ხშირად განიცდიან სმენის დაკარგვას.
  79. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოიხმარენ თამბაქოს, კარგავენ სიცოცხლის არანაკლებ 10 წელს.
  80. თითო ნაფაზთან ერთად ორგანიზმში აღწევს ტოქსინები და კანცეროგენები. ამათგან სულ ცოტა 70 ნივთიერება იწვევს სიმსივნეს.
  81. მწეველები დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  82. მოწევა არის დემენციის (აშლილობის ჯგუფი, რომელიც ვლინდება გონებრივი უნარების დაქვეითებითა და ტვინის ფუქციის მოშლით) განვითარების რისკ-ფაქტორი.
  83.  ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მსოფლიოს მასშტაბით, შემთხვევათა დაახლოებით 14% შესაძლოა მოწევასთან იყოს დაკავშირებული.
  84. მწეველ ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ მტკივნეული მენსტრუაცია და აქვთ მენოპაუზის უფრო გამოკვეთილი სიმპტომები.
  85. მწეველ ქალებში მენოპაუზა იწყება 1-4 წლით ადრე, რადგან თამბაქო უარყოფითად მოქმედებს კვერცხუჯრედების წარმოქმნაზე, რაც იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვას და ესტროგენის დონის შემცირებას.
  86. თამბაქოს გამონაბოლქვი აფერხებს სხეულის ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას.
  87. თამბაქოს გამოყენება აფერხებს სისხლის ნაკადს, რამაც, მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს განგრენა (სხეულის ქსოვილის კვდომა) და დაზიანებული ადგილის ამპუტაცია.
  88. თამბაქოს მოწევა ზრდის პაროდონტოზის რისკს. პაროდონტოზი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღრძილებს, შლის ყბის ძვალს და იწვევს კბილების დაკარგვას.
  89. ფილტვის კიბო ონკოლოგიური დაავადებებიდან მხოლოდ ერთადერთი არ არის, რომელიც შეიძლება მოწევისგან განვითარდეს. მოწევით გამოწვეულ სხვა სიმსივნეებს მიეკუთვნება: შარდის ბუშტის, სისხლის, ძვლის ტვინის, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, თირკმელების, ხორხის, ღვიძლის, პირის ღრუს, პანკრეასის, სწორი ნაწლავის, კუჭისა და ყელის კიბო.
  90. ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გარდა, მოწევა ასევე 200-დან 400 პროცენტამდე ზრდის გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის განვითარების შანსს.
  91. მწეველებს უფრო ხშირად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა კუჭის წყლული, ნაწლავების ანთებითი დაავადება, მასთან ასოცირებული მუცლის სპაზმი, მუდმივი დიარეა, ცხელება, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან და კუჭ-ნაწლავის კიბო.
  92. მწეველები უფრო ხშირად კარგავენ ძვლის სიმკვრივეს, უფრო ხშირად აწუხებთ მოტეხილობები და უფრო ადვილად უვითარდებათ სერიოზული გართულებები, როგორიცაა დაგვიანებული შეხორცება ან განკურნება.
  93. თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებები ასუსტებენ იმუნურ სისტემას და მწეველებს ფილტვების ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ აყენებენ.
  94. მოწევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, მაგალითად, კისტოზური ფიბროზით, გაფანტული სკლეროზით ან კიბოთი დაავადებულებს, აყენებს თანმხლები დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ.
  95. თამბაქოს სუპრესიული მოქმედება იმუნიტეტზე აივ-ინფიცირებულ ადამიანებს შიდსის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. აივ-ინფიცირებულ მწეველთა შორის, დაკარგული ცხოვრების წლების საშუალო რაოდენობა 12,3 წელია. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია აივ-ინფიცირებულ არამწეველთა მაჩვენებელზე.
  96. თამბაქოს მოხმარება ან პასიური მწეველობა ორსულობის დროს ზრდის ნაყოფის დაღუპვის რისკს.
  97. ქალები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს ან არიან პასიური მწეველები, ორსულობისას მათ სპონტანური აბორტის მაღალი რისკი აქვთ.
  98. ასევე ხშირია მკვდრადშობადობის (საშვილოსნოში გარდაცვილილი ნაყოფის დაბადება) შემთხვევები ნაყოფის ჰიპოქსიისა და პლაცენტის ანომალიების გამო, რაც გამოწვეულია თამბაქოს კვამლში არსებული ნახშირბადის მონოქსიდით და თამბაქოს კვამლში და უკვამლო თამბაქოში არსებული ნიკოტინით.
  99. მწეველი ქალები საშვილოსნოს  გარე ორსულობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ეს  დედის სიცოცხლისთვის პოტენციურად სასიკვდილო გართულებას წარმოადგენს.
  100. .  თამბაქოსა და პასიური მწეველობისაგან თავის შეკავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, ასევე ორსული და იმ ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე