​მოწევისთვის თავის დანებება არასოდეს არის გვიან.

არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკში ანებებს თავს ადამიანი სიგარეტს — მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მაინც ემატება წლები.

მოწევისთვის თავის დანებება საოცრად ეფექტიანია სიკვდილის რისკის შესამცირებლად და ადამიანებს ამ ჯილდოს მიღება საოცრად სწრაფად შეუძლიათ.

თუ ადამიანი სიგარეტისთვის თავის დანებებიდან ათი წლის განმავლობაში არ მოწევს, თითქმის იმდენივე ხანს იცოცხლებს, რამდენსაც ისინი, ვისაც ცხოვრებაში ერთი ღერიც არ მოუწევიათ.

თუკი ნებისმიერი ასაკის პირი მოწევისგან სამ წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში შეიკავებს თავს, თავიდან აიცილებს სიცოცხლის ხუთი წლით დაკლებას. თუკი თავის დანებებიდან ათი წლის განმავლობაში არ მოწევს, პოტენციურად ათი წლით გაიხანგრძლივებს სიცოცხლეს.

რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში გადაწყვეტს ადამიანი მოწევისთვის თავის დანებებას, მით უკეთესი იქნება მისი სიცოცხლის ზოგადი ხანგრძლივობა.

დადგენილია, რომ მწეველებმა, რომელთა ასაკიც 40-დან 80 წლამდე იყო, არამწეველებთან შედარებით სიცოცხლის 12-13 წელი დაკარგეს. თუმცა, ადამიანებმა, რომლებმაც ათი წლის განმავლობაში შეძლეს მოწევისგან თავის შეკავება, თითქმის უკუაქციეს ამ მავნე ჩვევასთან დაკავშირებული ყველა ფატალური რისკი.

მოწევასთან პირდაპირ დაკავშირებული დაავადებებით სიკვდილის რისკი, მათ შორის ინსულტით, გულის შეტევით და კიბოთი, მნიშვნელოვნად შემცირდა.

მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ მოწევისთვის თავის დანებება ზედმეტად გვიანია, განსაკუთრებით შუა ხნის ასაკში. თუმცა, მეცნიერულად დადასტურებული შედეგები ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება. არასოდეს არის ზედმეტად გვიანი. შედეგი სწრაფია და შეგიძლიათ მრავალი ცუდი დაავადების რისკის შემცირება, რაც უფრო ხანგრძლივ და უკეთესი ხარისხის ცხოვრებას ნიშნავს.

ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ მოწევის შედეგები სრულად უკუქცევადია. კვლევის შედეგებმა ცხადჰყო, რომ ფილტვის დაავადებებით სიკვდილის რისკი ყოფილ მწეველებში ისე შემცირებული არ იყო, როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში, რაც ცხადყოფს სასუნთქი გზების გრძელვადიან, შეუქცევად ზიანს.

მიუხედავად ამისა, მოწევისთვის თავის დანებება მაინც საუკეთესო ხელმისაწვდომი ვარიანტია მწეველებში ფილტვების ჯანმრთელობისა და ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

თუკი 40 წელს გადაცილებული ადამიანი მოწევას თავს დაანებებს და ათი წლის განმავლობაში აღარ მოწევს, შეიძლება თავიდან აიცილონ კიბოს გამო სიცოცხლის რვა წლის მოკლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ რისკის კატეგორიაში ისინი არამწეველებს ოთხი წლით ჩამორჩებიან.

ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მოწევისთვის თავის დანებებიდან ათი წლის შემდეგ, ფილტვის კიბოს რისკი განახევრდება და რისკის დონე იქნება იმავე ასაკის არამწეველის ტოლი. ოცი წლის შემდეგ, გულის შეტევის ან ინსულტის რისკი ისეთივე იქნება, როგორიც მათში, ვისაც სიგარეტი არასოდეს მოუწევია.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში