თუ თქვენ მწეველი ხართ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებოდათ მომენტი, როდესაც არამწეველებისთვის იმის დამტკიცება მოგიწიათ, რომ თამბაქო არ კლავს, კი, ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არც იმდენად, რომ მასზე უარი თქვათ. ბევრს იმისაც კი სჯერა, რომ თუ მოწევას თავს დაანებებს, შეიძლება უარესი პრობლემებიც შეექმნას, მაგალითად, კბილები დასცვივდეს.

რა არის ამის მიზეზი?

პირველი ვარიანტია, რომ კონკრეტულ მწეველებს მოწევის მავნებლობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ;
რაც ნაკლებად დასაჯერებელია.

​მეორე და გაცილებით უფრო დასაჯერებელია, რომ მწეველთა გარკვეული კატეგორია ცდილობს შეიქმნას ალიბი და ამით დაფაროს ნიკოტინთან განცდილი სრული მარცხი, რის გამოც მოწევის შეწყვეტაზე ფიქრსაც არ ცდილობენ;

მოკლედ, ამ საკითხის გარშემო მწეველების აღნიშნულმა კატეგორიამ მრავალი ,,ალიბი" შექმნა. მათი უმეტესობა იმ აზრის გამყარებას ისახავს მიზნად, რომ მოწევა გარკვეული, თუმცა არც თუ ისე დიდი საფრთხის შემცველია.

1. ორგანიზმს ნიკოტინი სჭირდება

ბევრი მწეველი აცხადებს, რომ ორგანიზმს გარკვეული რაოდენობით ნიკოტინი სჭირდება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მოწევას თავს დაანებებენ, კბილები დასცვივდებათ, რადგან კბილების სიმაგრეს ნიკოტინი უწყობს ხელს.

ეს ალბათ ერთერთი ყველაზე დიდი ზღაპარია, რაც თამბაქოს შესახებ არსებობს. რეალურად, საქმე პირიქითაა. ლამაზი და თეთრი კბილებისთვის მხოლოდ კარგი კბილის პასტა და ჯაგრისი არაა საკმარისი.

თითოეული ღერის მოწევისას და კვამლის დაგუბებისას პირში, კბილების მინაქარი ნელ–ნელა ზიანდება, ჩნდება კარიესი, ყვითლდება კბილები, სუსტდება ღრძილები და ხშირ შემთხვევაში სტომატიტიც ვითარდება.

არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ანუ პირის ღრუში სისხლის მიდინება ირღვევა, ღრძილის ქსოვილი სქელდება და კბილების ადრე გაფუჭების, ან სულაც დაკარგვის რისკი იზრდება.

2. ცოტას ვეწევი და არაფერი მომივა

ეს ერთერთი ყველაზე ხშირად მოსმენილი ფრაზაა მწეველებისგან. მათ, ვინც შეზღუდული რაოდენობით ეწევა, მართლაც სჯერა, რომ ეს ზიანს არ მოუტანს. თუმცა ეს არარეალურია.

რეალურად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება მხოლოდ თამბაქოზე სრულად უარის თქმას შეუძლია. თუ თქვენ დღეში ორი კოლოფის ნაცვლად 5 ღერს მოწევთ, ნაადრევი სიკვდილისგან მეტნაკლებად დაცული იქნებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგაწუხებთ ფილტვის პრობლემები, ხველა, არ დაიღლებით მარტივად, არ გაგიყვითლდებათ კბილები და ფრჩხილები...

თუ მართლა გსურთ რისკების შემცირება, მაშინ თქვენი საბოლოო მიზანი სიგარეტისთვის თავის დანებება უნდა იყოს.

3. მოწევა სასიამოვნო და სექსუალურია

მწეველები ამბობენ, რომ მათ მოწევა სიამოვნებას ანიჭებს. სიგარეტი გარკვეულ თავდაჯერებულობას, სითამამეს, ზოგ შემთხვევაში სექსუალურობას სძენს.

თუმცა, რეალურად ესეც არარეალურია. სხვადასხვა კვლევითა და ფოკუსჯგუფებზე დაკვირვებით დადგენილია, რომ მწეველების 90% მოწევის დაწყებას ნანობს. მათ 40%–ს კი წელიწადში ერთხელ თავის დანებების მცდელობა აქვს. ეს ამტკიცებს, რომ რეალურად მოწვა სასიამოვნო სულაც არაა.

რაც შეეხება სიგარეტის სექსუალურობას, წლების წინ შეიძლება ასეც მიიჩნეოდა, მაგრამ 21–ე საუკუნეში თამბაქოს სექსუალურად თითქმის აღარავინ მიიჩნევს, მისი სუნი არასასიამოვნოა და ადამიანებს არ იზიდავს. ასევე, კვლევებით არის დადასტურებული, რომ მწეველ მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ ერექციული დისფუნქცია, ვიდრე – არამწეველებს.

4. რისკების შესახებ ყველამ კარგად ვიცით 

დიახ, რისკების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ კონკრეტულად რა იცის? არსებობს 4 დონის ცოდნა:

- გაგებული მაქვს, რომ მოწევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.
- ვიცი, რომ მოწევა კონკრეტულ დაავადებებს იწვევს.
- კარგად ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთული და მოუგვარებელი პრობლემები შეიძლება შემიქმნას თამბაქომ.
- ვიცი, რომ ზემოთ ნახსენები თითოეული პრობლემა შეიძლება ჩემიც აღმოჩნდეს და ეს მხოლოდ სხვა მწეველებს არ ემართებათ.

ვითარება ასეთია: პირველი დონის ცნობადობა მართლაც ძალიან მაღალია, მაგრამ დანარჩენი საკითხების შესახებ ცნობადობა საგრძნობლად იკლებს. მაგალითად, მხოლოდ ძალიან ცოტა მწეველმა იცის კონკრეტულად, რომ ათიდან ერთი მწეველი სიგარეტით გამოწვეული დაავადებით კვდება.

5. მწეველების ორგანიზმი სამუდამოდ დაზიანებულია

ამ წარმოდგენით მწეველები, როგორც წესი, საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას ცდილობენ, რომ დანებებას აზრი აღარ აქვს.

რეალურად კი, ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა დანებებიდან არა მხო­ლოდ პირ­ველ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, არა­მედ
პირ­ველ დღე­ებ­ში, სა­ა­თებ­სა და წუ­თებ­შიც კი.

პირველი ცვლილება 20 წუთში ჩნდება, როდესაც ორგანიზმი იწყებს რეგენერაციის პროცესს, გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება.

ორ თვეში გუ­ლის შე­ტე­ვის რის­კი იკ­ლებს, უმ­ჯო­ბეს­დება ფილ­ტვის ფუნ­ქცია. 10 წელში კი თქვენი ორგანიზმი ფაქტობრივად არამწეველის ორგანიზმს ჰგავს.

რას ვურჩევთ ასეთ მწეველებს?

პირველ რიგში, მათ უნდა გაიცნობიერონ რომ მოწევასთან დაკავშირებული ილუზიები ყველაზე დამღუპველია მწეველისთვის; რადგან ამ ილუზიების ტყვეობაში მყოფები აღარც კი ფიქრობენ მოწევის შეწყვეტაზე.

მეორე, ნიკოტინთან თანაცხოვრება არავისთვის სიკეთის მომტანი არ ყოფილა; ამიტომ, ჯობს აღიარონ რომ ამ ეტაპზე ნიკოტინს სრულად აქვს მათი ფსიქიკა დამორჩილებული და  სანამ დროა, დაიწყონ ფიქრი და შემდეგ ბრძოლა ამ დამღუპველ ქცევასთან.

​ეს ადვილია? არა, არ არის ადვილი, მაგრამ შეუძლებელიც ნამდვილად არ არის; თუ მოინდომებ და თუ სწორად დაგეგმავ, აუცილებლად დაამარცხებ ნიკოტინს!

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში